თეგი: ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი: საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენი რუსეთის წინააღმდეგ

კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩთან გამართული შეხვედრის შესახებ აღნიშნავს, რომ ბევრ საკითხთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი განიხილეს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან, დავით ზალკანიანთან. ბევრი რამ განვიხილეთ, მაგრამ განსაკუთრებით, არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენი რუსეთის წინააღმდეგ“, - წერს კინზინგერი. ინფორმციისთვის, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა.

ადამ კინზინგერი: როდესაც მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოს ურჩევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას. კინზინგერის განცხადებით, ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. „როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ. ერთი რამ, რაშიც, წესით, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს ისაა, რომ ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. თუმცა, ასევე გვესმის, რომ უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის იბძვიან. ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვაწვდით იარაღს, რათა მათი ტერიტორიის არცერთი ნაგლეჯი არ დაიკარგოს, ესაა ის, რისთვისაც ვიბრძვით. დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ, საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი მესმის, ან როდესაც ჩვენს ელჩზე ხორციელდება თავდასხმა, მაგალითად ქალბატონ დეგნანზე, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა - რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა? ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ძალა, აღმოჩნდა, რომ არც კულტურული ძლიერება აქვთ, მეტიც, ხალხს საკუთარი მთავრობა ეზიზღება. დამიჯერეთ, არ გინდათ, რომ იგივე თქვენს ქვეყანაშიც გქონდეთ“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“.

ადამ კინზინგერი: როდესაც ამერიკის ელჩს ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, არ აჩვენებ შენს ნებას, იარო დასავლეთისკენ

„როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო, ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს. „ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას. მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფომაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს - რომ შესაძლოა, არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა. თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ, საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ. როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო“, - აცხადებს ადამ კინზინგერი. იქონიებს თუ არა ბოლოდროინდელი მოვლენები გავლენას საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, ამ შეკითხვის საპასუხოდ, კინზინგერი იმედოვნებს, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენს ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება. ვფიქრობ მომავალი განისაზღვრება იმით, დღეიდან როგორ და სად წავალთ. კიდევ ერთხელ, არავინ ამბობს, რომ საქართველო კრიტიკული არ შეიძლება იყოს ამერიკის ელჩის მიმართ, თუ ეს მიზეზები ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც ქვეყნებს, შეიძლება დიდი განსხვავებები გვქონდეს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ელჩს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. მაგრამ არ შეიძლება, რომ ვიტყუებოდეთ იმაზე, რაც ხდება და ვცდილობდეთ, რომ ყალბი სურათი შევქმნათ. კიდევ ერთხელ, ამერიკა და საქართველო ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს [საქართველო-ამერიკას შორის]. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა, თუმცა ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - ამბობს კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე.

ადამ კინზინგერი: რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ, სისუსტის აღქმაზე

მოუტანს რაიმე კარგს ქართველ ხალხს ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა, რომლის გატარებასაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ცდილობს, შეძლებს საქართველო ამით რაიმე სარგებელი ნახოს? რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ეს თემა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განიხილა. „მე მჯერა, რომ თუ ეცდები, მიუახლოვდე რუსეთს, აუცილებლად დაიწვები. შეხედეთ მაგალითისთვის ჩვენს მეგობრებს გერმანიაში. მათ იფიქრეს, რომ შეეძლოთ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთთან მიმართებით და "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის აშენება გადაწყვიტეს. საბოლოოდ, გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. როდესაც უკრაინაში ეს ომი დასრულდება, არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. განსხვავება ისაა, რომ თუ გჯერა, რომ დათვის შეკავება შეგიძლია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ფიქრობ, რომ ტორი არ მოგხვდება, უნდა იცოდე, რომ ეს ტყუილია, ტორი აუცილებლად მოგხვდება. ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში. ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ნებისმიერი კომენტარი, რომელიც საწინააღმდეგოს ამბობს, ან ამტკიცებს, რომ შეგიძლია, დაუახლოვდე რუსეთს და არ მოგიწიოს ამასთან თანხმლებ პრობლემებთან გამკლავება, უბრალოდ არარეალისტურია“, - ამბობს საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე. _HIMARS-ები უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ომის აქტიურ ფაზაში არიან. რისი მომტანი იქნება ეს ამბავი საქართველოსთვის თუ ეს მოხდება და რამდენად რეალურია სარაკეტო სისტემების გადაცემა? არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, სად გვინდა, რომ ამ ურთიერთობებში წავიდეთ. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შევახსენო ქართველებს, უფრო მეტად კი ამერიკელებს, რომ საქართველო ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო და მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებოდა ამ მაჩვენებლით. მათ [ქართველებმა] ნამდვილად აჩვენეს, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა, ამისი უნარი აქვთ. მათ სჭირდებათ პარტნიორებთან თანამშრომლობა. იმის მიხედვით, რაც უკრაინაში რუსების იქ ყოფნისას ვნახეთ, ისაა, რომ რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ, ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ. ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმის გააზრებას, რომ ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას“, - მიიჩნევს კინზინგერი. _ფიქრობთ თუ არა, რომ რეგიონში არსებული სიტუაციის გამო, საქართველო განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა და აქედან გამომდინარე, სჭირდება დამატებითი სამხედრო დახმარება იქნება ეს ამერიკისგან, ევროკავშირისგან თუ NATO-სგან? მჯერა, რომ საქართველოსთვის რისკები გამწვავებულია და ვფიქრობ, რომ ახლაა დრო შევაფასოთ რა სჭირდება ქართულ ჯარს. ჩვენი ურთიერთობები უკვე საკმაოდ მყარია - როდესაც ბოლოს საქართველოში ვიყავი, ქართველი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრი მოვინახულე, ვნახე ასევე ერთობლივი წვრთნებიც. ასე რომ, ახლა ძლიერი პარტნიორობა გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ რომ უნდა გავაანალიზოთ თავდაცვის, ან ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმის დასავლური რა იარაღი სჭირდება საქართველოს და როგორ უნდა მიიღონ მათ ისინი, ვინაიდან მიწოდებისთვის, თავისთავად გარკვეული დროა საჭირო. ეს იარაღი შესაძლოა არ იყოს თავიდანვე "ჰაიმარსები", მაგრამ მჯერა, რომ "ჰაიმარსებს" მომავალში შეუძლიათ შემაკავებელი იარაღის როლი ითამაშონ. საჭიროა საქართველოს საჰაერო ძალების მოდერნიზებაც. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერის გარკვეული შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. მთელ ამ პროცესს წლები დასჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ახლა საუკეთესოა დროა მუშაობის დასაწყებად. როდესაც ძლიერი საბრძოლო ნება გაქვს, არა სურვილი, არამედ ნება, ეს თითქმის არ ტოვებს შანსს, რომ ომი დაიწყება.

ადამ კინზინგერი: თითქოს, არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის

ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს, არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა. ელჩი დეგნანის წინააღმდეგ კამპანია, განსაკუთრებით აქტიური გასულ კვირებში გახდა, თუმცა ის გრძელდება. ღია წერილები „ქართული ოცნების“ პარტიის ახლა უკვე ყოფილი წევრებისგან, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები, არ შემწყდარა. როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს კამპანია - ვერ ხვდებიან, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება, იყოს ასეთი განცხადებები, თუ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ? რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ამ შეკითხვას უპასუხა. „ჩემთვის რთულია მოტივაციის გამოცნობა, მაგრამ ვიტყვი, რის გამო ვიქნებოდი შეშფოთებული. მე არავის ვუყენებ ბრალდებას, მაგრამ ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს, არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა. ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის. ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს - იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით. ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება“, - ამბობს ადამ კინზინგერი.  

2008 წლის ისტორია გვასწავლის - თუ თავს ისე დაიჭერ, თითქოს, შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს - ადამ კინზინგერი

„დასავლეთმა ვერ გაიგო ის, რისი გაგებაც მათ მოუხდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის შემთხვევაში, რომ ვერ დააოკებ იმას, ვისაც დაუოკებელი მადა აქვს. ამის გასაგებად დასავლეთს დასჭირდა, რომ ენახა, როგორ განახლდა ომი უკრაინაში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც თანამედროვე რუსეთი თავს დაესხა. ეტაპობრივად, ამან ბევრი რამ გაუკეთა უკრაინას თავდაცვისთვის. მახსოვს, როგორ ვიბძროდით იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთს საფრანგეთიდან არ მიეღო გემები შავ ზღვაში, რომლებზეც თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს დაუშვებდნენ. საფრანგეთმა რაღაც დროის შემდეგ უარი თქვა ამაზე. ასე რომ, შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობა საქართველოში ომის პირველივე დღეებიდანვე ძალიან ნათელი გახდა“, - რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს. „ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] არაორგანიზებულები იყვნენ, მაინც შეეძლოთ, რომ მასიური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაესროლათ და ტერიტორიები მოეპოვებინათ. ის, რაც რუსებმა საქართველოში ომისგან ისწავლეს, იყო ის, თუ სად ჰქონდათ სისუსტეები. მათ სჯეროდათ, რომ ამაზე იმუშავეს, თუმცა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძალიან დიდი ჩავარდნები და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიგოს - ესაა ის, რაც კორუფციას მოჰყვება, ის დაუცველს გტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში. თუ დავუბრუნდებით 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბროლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა, სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად, მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო. ამერიკული პერსპექტივიდან, იყო სამხედრო განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ჩაკეტილიყო გვირაბი. ვფიქრობ, რომ ავღანეთისა და ერაყის შემდეგ, უბრალოდ არსებობდა არაფრის კეთების განცდა. მგონია, რომ ძალიან გულბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავის უნდა ომი, არავის უნდა ეს, დასავლეთში ნამდვილად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორია გაკვეთილებს გვიგზავნის და სამომავლოდ გვასწავლის. 2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ უგულვებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს, შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშიებს“, - ამბობს ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დრო, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი, დაიჭრა. დაღუპულია - თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა. დაიჭრა - 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე. ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს. კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი. ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია მოხდა

ადამ კინზინგერი: რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის, დღეები იწურება, საქართველოს ვურჩევ, რუსეთთან ფლირტი შეწყვიტოს

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს: „რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის, დღეები სრულდება. საქართველოს მტკიცედ ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდოს ამას და შეწყვიტოს ფლირტი რუსეთთან“.  

ადამ კინზინგერი: ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვებს რუს ტურისტებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ საზღვრების ჩაკეტვა რუსი ტურისტებისთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა.  „ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავს საზღვრებს და მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვებს რუს ტურისტებს. ჯარში გაწვევის ასაკის მქონე კაცების შედინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია", - წერს კინზინგერი Twitter-ზე.  

ადამ კინზინგერის თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, უკრაინაში კრემლის წარუმატებლობასაც უკავშირდება

კონგრესმენი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ბელორუსის პრეზიდენტისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“. ლუკაშენკოს ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა. „ასევე შეხვედრა შედგა აფხაზურ მიწაზე. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები განიხილა, ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები“, - განუცხადა მან „ამერიკის ხმას. ადამ კინზინგერი თვლის, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს. მისი თქმით, „ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.